logo
ENG



"ქალები ვირჩევთ ევროპას" – 20 აპრილს, 17:00 საათზე ქალთა მარში გაიმართება

20 აპრ 202401:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/20/u813tblxp0veao5.jpg

"ქალები ვირჩევთ ევროპას" - ამ ლოზუნგით 20 აპრილს, 17:00 საათზე ქალთა მარში გაიმართება. მარშის მონაწილეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

მარში ასევე გაიმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორშიც.

აქციის ორგანიზატორები არიან ქალთა მოძრაობა და თანასწორობის მოძრაობა. ისინი პარლამენტს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

"ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი! რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს! ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, ქვიარი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია!

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები, და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!

რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვთ - ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს. გენდერული კვოტის გაუქმებით პარლამენტმა უგულვებელყო საქართველოს ამომრჩევლის 65%-ის აზრი, რომლებიც ემხრობოდნენ კვოტებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, მოუსმინონ ქალების ხმას, გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები. არ გააუქმოთ გენდერული კვოტები! 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში გავმართავთ მარშს და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტიაარა რუსულ კანონს! კი ევროპას!", - ნათქვამია განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს. 


close დახურვა